ბარსელონაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ელ-კლასიკოს დროს ტერაქტს აპირებდა
რამდენიმე დღის წინ, ბარსელონაში დააკავეს მაროკოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორისტული აქტის ორგანიზებაში.
გამოცემა „ლა სექსტა“-ს (La Sexta) ინფორმაციით, ეჭვმიტანილი „ბარსელონა“-„რეალის“ მატჩის დროს, „კამპ ნოუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. მის გეგმებს ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ და ამ მიზეზით გამოცხადებულმა კარანტინმა.
იტყობინებიან, რომ მამაკაცი დრონის გაშვებას აპირებდა, თუმცა, ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს. ამჟამად, სამართალდამცავები ცდილობენ გაარკვიონ – რას აპირებდა მაროკოელი: აფეთქებას, დანის გამოყენებას თუ სატრანსპორტო საშუალებით თავდასხმას.
წყაროს ცნობით, ეს ადამიანი დაინტერესებული იყო ექსტრემალური ვიდეორგოლებით, რომელსაც ქმნის და ავრცელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“. პოლიცია მას რამდენიმე თვე უთვალთვალებდა და კარანტინის დარღვევისას დააკავა.