„ბარსელონას“ უპირატესობა ლა ლიგაში ხუთ ქულამდე შემცირდა
„ბარსელონას“ უპირატესობა ლა ლიგაში ხუთ ქულამდე შემცირდა

ესპანეთის ჩემპიონატში დასრულდა 26-ე ტური და ჩემპიონობისთვის ბრძოლამ სერიოზული ინტრიგა შეიძინა.

კატალონიელები სტუმრად თამაშობდნენ „ლას პალმასის“ წინააღმდეგ და იგებდნენ პირველი ტაიმის შემდეგ – ანგარიში 21-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. მაგრამ, მასპინძლებმა 48-ე წუთზე ხონათან კალიერის პენალტით გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში „ბარსელონას“ კარში პირველად დაინიშნა პენალტი 2016 წლის 14 თებერვლის შემდეგ. ამ პერიოდმა 746 დღე შეადგინა.

ლიონელ მესისთვის ამ მატჩში გატანილი გოლი 599-ე იყო კარიერაში. არგენტინელს 538 გოლი (623 მატჩში) დაუგროვდა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, არგენტინის ნაკრებში კი 123 მატჩში 61 გოლი აქვს.
„ბარსელონამ“ 33 მატჩამდე გაზარდა ესპანეთის ჩემპიონატში წაუგებელი სერია. ამ გუნდის ბოლო მარცხი ლა ლიგაში 2017 წლის 8 აპრილით თარიღდება.

26 ტურის შემდეგ, სხვაობა „​ბარსასა“ და „ატლეტიკოს“ შორის ხუთ ქულამდე შემცირდა.

4 მარტს „კამპ ნოუზე“ სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.