„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატს სურს, რომ სტადიონს „კამპ ნოუ ლეო მესი“ დაერქვას
„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას 24 იანვარს კლუბის პრეზიდენტად აირჩევენ, კატალონიური კლუბის საშინაო არენას „კამპ ნოუ ლეო მესის“ დაარქმევს.
„მიუხედავად იმისა, რომ მესის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ის „ბარსელონას“ და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაა, შესაბამისად მე ვაპირებ ჩვენს წევრებს შევთავაზო, რომ სტადიონს „კამპ ნოუ ლეო მესი“ დაერქვას“, – აცხადებს ემილი რუსო.
33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მესიმ სეზონის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ბარსელონას“ დატოვება სურს, მაგრამ ის იძულებული გახდა გუნდში დარჩენილიყო, რადგან კატალონიურმა კლუბმა მისი გამოსყიდვისთვის 700 მილიონი ევრო მოითხოვა.
მედიაში დღემდე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ლეოს ყიდვა სურს და „ქალაქელებს“ არგენტინელ ფეხბურთელზე დიდი გეგმები აქვს.