„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - თუ მესი ხელფასის შემცირებას არ დათანხმდება, გუნდიდან წავა
კატალონიური საფეხბურთო გრანდის, „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გუნდის ლიდერსა და სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
რიუსადს მიაჩნია, რომ თუ არგენტინელი ფეხბურთელი ახალ პირობებსა და ხელფასის შემცირებას არ დათანხმდა, ის „ბარსელონას“ რიგებს დატოვებს.
„ჩვენ მესისთან მოლაპარაკება უნდა გავმართოთ და დავითანხმოთ, რომ ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს, – ციტირებს რიუსადის სიტყვებს Goal . – ახლა კლუბის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა. ჩვენ მესის დათმობაზე წასვლა უნდა ვთხოვოთ. თუ მოლაპარაკება არ შედგება, მესი წავა.
მესიმ კლუბის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და საკუთარი გუნდის ლეგენდებს პატივი ვცეთ. თუმცა, რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ მესი დარჩეს, მაგრამ უპირველეს ადგილზე კლუბის ინტერესებია“, – აცხადებს „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი.