„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გააგრძელებს კლუბში მუშაობას 2019-2020 წლების სეზონზე.
„მე უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ გასულ უქმეებზე, ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ“, – დაადასტურა ბარტომეუმ ESPN-თან ინტერვიუში.
„ბარსელონაში“ არ აპირებდნენ ვალვერდეს მომავლის კომენტირებას, მაგრამ შეიცვალეს პოზიცია მწვრთნელის გარშემო ატეხილი ხმაურის დასაცხრობად. ვალვერდე გაფრინდა ესპანეთიდან და მობილური ტელეფონი გათიშა, მაგრამ 28 მაისს კატალონიური კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მას მეუღლის მეშვეობით და დაარწმუნეს, რომ შეინარჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს. თავად ერნესტო არ აპირებდა თანამდებობის დატოვებას. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
დღეს „ბარსელონაში“ კიდევ ერთი შიდა სხდომა გაიმართება, რომელზეც „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე და „ვალენსიასთან“ ესპანეთის თასზე წაგებები განიხილება. გარდა ამისა, შეკრებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს მომავალ ტრანსფერებზე, აგრეთვე იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც ამ ზაფხულს უნდა დატოვონ „კამპ ნოუ“.