„ბარსელონას“ პრეზიდენტად დაბრუნებული ლაპორტას კავშირები საქართველოსთან - მეგობრობს „დინამო თბილისის“ ყოფილ დირექტორთან, ჰყავდა ქართველი ასისტენტი და თანახმა იყო, საქართველოს საპატიო ელჩი გამხდარიყო #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტად დაბრუნებული ლაპორტას კავშირები საქართველოსთან - მეგობრობს „დინამო თბილისის“ ყოფილ დირექტორთან, ჰყავდა ქართველი ასისტენტი და თანახმა იყო, საქართველოს საპატიო ელჩი გამხდარიყო #1TVSPORT

ჟოან ლაპორტა კიდევ ერთხელ გახდა „ბარსელონას“ პრეზიდენტი. 58 წლის ბიზნესმენმა არჩევნებში ხმების 54,28% მოიპოვა, აჯობა რა ვიქტორ ფონტსა (29,29%) და ტონი ფრეიშუს (8,58%).

ლაპორტა „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ მონაწილეობდა. მან 2003 წელს გაიმარჯვა და პოსტს 2010 წლამდე ინარჩუნებდა. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგა – სულ 12 ტიტული. განსაკუთრებით გამორჩეული 2009 წელი იყო, როდესაც „ბარსა“ ექვს ტიტულს დაეუფლა. 

ბოლო წლებში კლუბის ყოფილ პრეზიდენტს, ბარტომეუს რეგულარულად აკრიტიკებდნენ. კერძოდ, „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, რომელსაც 2020 წლის ზაფხულში კლუბის დატოვება სურდა, უკმაყოფილება მისი მუშაობის გამო არაერთხელ გამოთქვა და 2020 წლის ოქტომბერში ბარტომეუ გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ლაპორტა საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს, კატალონიური გრანდის პრეზიდენტობისას ჰყავდა ქართველი ასისტენტი (მანანა გიორგაძე), უყვარს ქართული ღვინო („ხვანჭკარა“) და მეგობრობს ზურა პოლოლიკაშვილთან, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

სწორედ პოლოლიკაშილის იდეა გახლდათ, ჟოან ლაპორტა ესპანეთში საქართველოს საპატიო ელჩი გამხდარიყო. 2010 წელს „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ საკითხი დროულად არ გადაწყდა და იდეა იდეადვე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პლოლიკაშვილი 2017 წლიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. 2018 წლის 10 აპრილს მან მსოფლიო ტურიზმის ელჩად „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი წარადგინა და შესაბამისი მოწმობაც გადასცა.

პოლოლიკაშვილი 2001-2011 წლებში თბილისის „დინამოს“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ და მისი ინიციატივა იყო გუნდში ალექს გარსიას (შემდგომში „ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და ესპანელი მოთამაშეების ჩამოყვანა, მათ შორის – ჩისკო მუნიოსის. ასევე მისი ინიციატივით „სალერის თასზე“ სათამაშოდ საქართველოს ესტუმრნენ ესპანური კლუბების, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მალაგას“ ასაკობრივი გუნდები.