„ბარსელონა“ 2021 წლის დასაწყისში გაკოტრებულად გამოაცხადებს თავს, თუ ვერ მოელაპარაკება თავის მოთამაშეებს ხელფასის შემცირებაზე.
28 ოქტომბერს, თანამდებობა დატოვა კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ – „ბარსელონაში“ ხელმძღვანელობა პირველად შეიცვლება ბოლო ექვს წელიწადში. პრეზიდენტის მიმართ ბევრი პრეტენზიაა, ერთ-ერთი მთავარი – ღრმა ფინანსური კრიზისი, რაც მისმა მმართველობამ გამოიწვია. როგორც ირკვევა, პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე აქამდე ჩანდა.
რადიოსადგურ RAC1-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ 5 ნოემბრამდე უნდა შეათანხმოს მოთამაშეებთან ხელფასის შემცირება 190 მილიონი ევროთი – ეს გუნდის საერთო სახელფასო ბიუჯეტის თითქმის მესამედია. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ბარსელონა“ 2021 წლის დასაწყისისთვის გაკოტრებული იქნება. მოლაპარაკებები კლუბის იურისტებსა და მოთამაშეთა წარმომადგენლებს შორის 30 ოქტომბერს დაიწყო.
როგორც გაზეთი AS აზუსტებს, ცალკე თავის ტკივილია კატალონელებისთვის ლიონელ მესი – კლუბი ვალდებულია გადაუხადოს კაპიტანს ფინანსური ბონუსი, თუ არგენტინელი არ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის.