„ბარსელონას“ მცველი რონალდ არაუხო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
სანაკრებო პაუზამ სერიოზული დანაკლისი მოუტანა ურუგვაის ნაკრებს. ირანთან ამხანაგური მატჩის მეოთხე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო მცველმა რონალდ არაუხომ – გამოკვლევამ მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აჩვენა. ასეთ დაზიანებას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, მაგრამ, თავდაპირველად, ურუგვაელმა კონსერვატორული მეთოდებით მკურნალობა გადაწყვიტა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება არ სურდა, მაგრამ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან ჩავისთან და კლუბის სამედიცინო შტაბთან შეხვედრის შემდეგ, არაუხო ოპერაციას დათანხმდა.
„ბარსელონას“ არ დაუსახელებია ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული თარიღი, მაგრამ პრაქტიკულად გარკვეულია, რომ არაუხო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.
„რამდენიმე სპეციალისტთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ოპერაცია საუკეთესო ვარიანტია. აქ ლაპარაკია ჯანმრთელობაზე და 100 პროცენტით მზადყოფნაში დაბრუნებაზე“, – დაწერა მცველმა სოციალურ ქსელში.
„ბარსელონამ“ მცველს ქირურგიული ჩარევა იმის გამო მოთხოვა, რომ უკვე გააჩნდა კონსერვატორული მეთოდით თავისი ფეხბურთელების მკურნალობის წარუმატებელი მაგალითები. კერძოდ, ლაპარაკია ანსუ ფატიზე და სამუელ უმტიტიზე.
ფატიმ იანვარში თქვა უარი ოპერაციაზე და ბარძაყის ტრავმის შემდეგ სამ თვეში დაბრუნდა, თუმცა დღემდე ვერ აღიდგინა ოპტიმალური ფიზიკური ფორმა. უმტიტისთვის კი კონსერვატიული მკურნალობა კიდევ უფრო ცუდად დასრულდა. ფრანგმა 2018 წელს ორჯერ თქვა უარი ოპერაციაზე და მომდევნო სამი წელი პრაქტიკულად სრულად გაუცდა, ახლა კი „ლეჩეშია“ იჯარით გაშვებული, მაგრამ იქაც ვერ ხვდება შემადგენლობაში.