ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ნება დართო „ბარსელონას“ – შეიძინოს ახალი ფორვარდი არასატრანსფერო პერიოდში.
წყაროს ცნობით, ლა ლიგას სამედიცინო კომისიამ დაადასტურა, რომ კატალონელთა ფორვარდი უსმან დემბელე ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. ასეთ შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტი უფლებას აძლევს კლუბებს – დაარეგისტრირონ ფეხბურთელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ. პოტენციური ახალბედა უნდა გამოდიოდეს პრიმერა დივიზიონში ან უნდა იყოს თავისუფალი აგენტი.
„ბარსელონამ“ გარიგება უახლოესი 15 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. იტყობინებიან, რომ კატალონური გრანდის სიაში შედიან მარტინ ბრეიტვეიტი „ლეგანესიდან“, ლუკას პერესი „ალავესიდან“ და ანხელი „ხეტაფედან“.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, „ბარსელონამ“ ტრავმის გამო დაკარგა ფორვარდი ლუის სუარესი. ურუგვაელმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა.
კატალონელები მეორე ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში და ერთი ქულით ჩამორჩებიან „რეალს“.