„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასის ხელმეორედ შემცირებას არ დათანხმდნენ
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს კორონავირუსის პანდემიის გამო ხელფასების შემცირებაზე ხელმეორედ წასვლა თხოვა.
RAC1-ის ინფორმაციით, 25 მაისს, კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ ფეხბურთელებს ხელფასების 10 პროცენტით შემცირება შესთავაზა, რათა ისინი კლუბს რთულ ფინანსურ სიტუაციაში დახმარებოდნენ. ამ გზით, კატალონელებს შეეძლოთ დაახლოებით 10 მილიონი ევროს ეკონომია. აღნიშნავენ, რომ ყველა ფეხბურთელმა უარი თქვა ამ ნაბიჯზე და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ლა ლიგას გათამაშება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
მარტის ბოლოს, „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს ხელფასის 70 პროცენტზე, რათა კლუბის თანამშრომლებს დახმარებოდნენ. ამით კლუბმა 40 მილიონი ევრო დაზოგა.
ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს სევილიური დერბით განახლდება. გათამაშების ცხრილის ლიდერი „ბარსელონაა“, რომელიც ორი ქულით უსწრებს „რეალს“.