„ბარსელონას“ აპელაცია არ დააკმაყოფილეს - მესის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება
ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიური გრანდი ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამატებით დროში დამარცხდა – 3:2, „ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა კი საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.
ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ეთიკის კომიტეტმა ლიონელ მესის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და აპელაციაც შეიტანა, მაგრამ ესპანეთის საფეხბურთო ეთიკის კომიტეტმა „ბარსელონას“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, – იუწყება AS.
მესიმ ესპანეთის თასზე ერთი მატჩი უკვე გამოტოვა და გუნდს ვერც ლა ლიგის შეხვედრაში დაეხმარება, სადაც კატალონიელები „ელჩეს“ დაუპირისპირდებიან.