ბარსელონამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა, მესიმ 560-ე გოლი გაიტანა
ბარსელონამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა, მესიმ 560-ე გოლი გაიტანა

ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ტური იმართება. სეზონში პირველი ქულები დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა „ბარსელონამ“, რომელმაც შინ ვერ მოუგო „ჟირონას“ – 2:2.

კატალონელებმა, 35-ე წუთიდან მოყოლებული, 10 ფეხბურთელით ითამაშეს – მოედნიდან ფრანგი მცველი ლენგლე გააძევეს. მანამდე, ლიონელ მესიმ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს არგენტინელის 560-ე გოლი იყო „ბარსელონას“ შემადგენლობაში. ამისთვის მესის 644 მატჩი დასჭირდა.

ლენგლეს გაძევების შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისში, ურუგვაელმა ფორვარდმა კრისტიან სტუანიმ ორი გოლი გაიტანა და „ჟირონა“ წინ გავიდა.

კაცნაკლულმა „ბარსელონამ“ თამაში 63-ე წუთზე ჟერარ პიკეს გოლით გადაარჩინა.

ახლა, ესპანეთის ჩემპიონატს 13-13 ქულით „ბარსელონა“ და „რეალი“ ლიდერობენ.