ბარსელონამ სევილია 6:1 გაანადგურა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა
ბარსელონამ სევილია 6:1 გაანადგურა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი ბარსელონა ქვეყნის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალის პირველი მატჩის შემდეგ, კატალონელები რთულ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან სევილიამ შინ 2:0 მოუგო ლეო მესისა და სხვა ლიდერების გარეშე მოთამაშე ბარსას.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბარსელონა ორჯერ შეხვდა სევილიას ესპანეთის თასის ფინალში და ორივეჯერ მოუგო, ასე რომ, ანდალუსიელებს რევანშის საშუალება მიეცათ, მაგრამ უშანსოდ დათმეს განმეორებითი მატჩი.
31-ე წუთისთვის ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო – პირველი ტაიმში ფილიპე კოუტინიომ და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს.

მეორე ნახევარში ერთი წუთის ინტერვალით იმავე კოუტინიომ და სერხი რობერტომ გამოიჩინეს თავი და მატჩში ანგარიში 4:0 გახდა.

სევილიამ დაიტოვა ორრაუნდიანი დაპირისპირების გადარჩენის შანსი, როცა არანამ ერთი ბურთი გაქვითა. სტუმრებს კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ ნახევარფინალში გასასვლელად. სევილია რისკზე წავიდა და ბარსელონას უამრავი მომენტის შანსი მიეცა, რაც მატჩის მიწურულს გამოიყენეს ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ. ეს არგენტინელის 26-ე გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

6:1, ორი მატჩის ჯამში – 6:3 და ბარსელონა გახდა ესპანეთის თასის მესამე ნახევარფინალისტი ვალენსიასა და ბეტისის შემდეგ. ბოლო ნახევარფინალისტი გაირკვევა ჟირონასა და რეალის განმეორებით მატჩში. პირველი შეხვედრა მადრიდელებს შინ 4:2 აქვთ მოგებული.