„ბარსელონამ“ მესისა და სუარესის შედევრებით „მალიორკა“ გაანადგურა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „მალიორკა“ გაანადგურა – 5:2 და ისევ „რეალთან“ ერთად აგრძელებს ლიდერობას.
შეხვედრაში ინტრიგამ მხოლოდ მე-17 წუთამდე გაძლო. „ბარსელონამ“ უკვე მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში – ეს გააკეთა გრიზმანმა, რომელიც ტერ-შტეგენის პასის შემდეგ გაექცა მცველებს. სხვათა შორის, ეს გერმანელი მეკარის მეორე საგოლე პასია ამ სეზონში.
10 წუთის შემდეგ, მესიმაც გამოიჩინა თავი. არგენტინელმა, როგორც ყოველთვის, შედევრი შემოგვთავაზა, როცა შორეულ ცხრიანში ჩაახვია ბურთი. კიდევ ერთი შედევრი ამ მატჩში ლუის სუარესმა მოიფიქრა – მეოთხე გოლი ქუსლით გაიტანა.
საბოლოოდ, მესიმ შეხვედრა სამი გოლით დაასრულა და მორიგი რეკორდი დაამყარა – 35 ჰეთ-თრიკი დააგროვა ესპანეთის ჩემპიონატში. მანვე 12 გოლით გაუსწრო ბომბარდირთა დავაში ქარიმ ბენზემას.