ბარსელონამ თავისი ერთ-ერთი დიდი იმედის, 16 წლის ილაიქს მორიბას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული ელექტრონული წერილი შეცდომით თანაქალაქელ ესპანიოლს გაუგზავნა. ამ ინფორმაციას ორივე კლუბის წარმომადგენლები ადასტურებენ.
ვრცელდება ასევე ცნობა, რომ ესპანიოლში გაოცებულები დარჩნენ კონტრაქტის დეტალებით და აცხადებენ, რომ მსგავსი ხელფასი მათ საუკეთესო ფეხბურთელებსაც კი არ აქვთ.
ილაიქს მორიბა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდაა, რომელმაც გუნდის აკადემია გაიარა. 16 წლის ის იანვარში გახდა და უკვე რამდენიმე წამყვანი კლუბისგან მიიღო კონტრაქტის შეთავაზება. როგორც ჩანს, სწორედ ამით აიხსნება ის ფუფუნება, რომელშიც კატალონიელები ნიჭიერ მოთამაშეს ამყოფებენ.
ესპანური პრესა იტყობინება, რომ ბარსასთვის ეს ყველაფერი კინაღამ ძალიან ცუდად დასრულდა, რადგან ელექტრონული ფოსტა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მათ არა ფეხბურთელის აგენტს, არამედ ესპანიოლის ტექნიკურ დირექტორს გაუგზავნეს.
საბედნიეროდ, ესპანიოლმა ბარსელონას შეცდომის შესახებ მალევე შეატყობინა.
ილაიქს მორიბა ამჟამად ბარსელონას 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს, თუმცა მომავალ სეზონში მისი მეორე გუნდში გადაყვანა იგეგმება.
აღსანიშავია, რომ უახლოესი მატჩი ბარსელონასა და ესპანიოლს შორის მიმდინარე კვირის ბოლოს კამპ ნოუზე გაიმართება.