„ბარსელონამ“ ხუთი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად წააგო
„ბარსელონამ“ ხუთი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში სენსაცია მოხდა – „ბარსელონამ“ სტუმრად 4:5 წააგო „ლევანტესთან“, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურმა გრანდმა 2017-18 წლების სეზონის დაუმარცხებლად გავლა ვერ შეძლო.

„ლევანტე“ ემანუელ ბოატენგის ჰეთთრიკითა და ენის ბარდის დუბლით 5:1-ს იგებდა 56-ე წუთისთვის.

„ბარსელონამ“ შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ 20 წუთი რჩებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მეხუთე გოლის გატანა ვერ შეძლო.

„ბარსას“ რიგებში ჰეთთრიკი შეასრულა ფილიპე კოუტინიომ, კიდევ ერთი გოლი პენალტით ლუის სუარესმა გაიტანა. სტუმრებმა ლიონელ მესის გარეშე ითამაშეს.

ამ მატჩამდე „ბარსელონას“ 43-მატჩიანი (34 მოგება, 9 ფრე) წაუგებელი სერია ჰქონდა ესპანეთის ჩემპიონატში. ბოლო მარცხი 2017 წლის 8 აპრილით თარიღდებოდა, ასე რომ, ეს სერია ზუსტად მე-400 დღეს შეწყდა.