ბარსელონას ხელმძღვანელობა აღარ არის დაინტერესებული ატლეტიკოს ფორვარდ ანტუან გრიზმანის ტრანსფერით. კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ შარშან ზაფხულში არშემდგარი გარიგება ფრანგი ფეხბურთელის ერთადერთი შანსი იყო.
გაზეთ მარკას (Marca) ინფორმაციით, წლევანდელ ზაფხულში გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონას 120 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, იმ დროს, როცა ერთი წლის შემდეგ, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონამდე აიწევს.
როგორც ირკვევა, კატალონური კლუბის მთავარი სამიზნე გახდა აინტრახტის 21 წლის ფორვარდი ლუკა იოვიჩი, რომელზეც უფლებები ლისაბონის ბენფიკას ეკუთვნის. ბარსელონას სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ესწრებოდა ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრას სერბეთსა და პორტუგალიას შორის.
იოვიჩის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.