„ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 6:1 გაანადგურა „სოსიედადი“. კატალონელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ამ მატჩში დუბლი შეასრულა.
როგორც „ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, არგენტინელმა გაიმეორა ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს რეკორდი ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით. ახლა, ლეოს 467 გოლი აქვს ესპანეთის ჩემპიონატში – ამდენივე ჰქონდა პელეს ბრაზილიის ჩემპიონატში.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სტატისტიკოსის აზრით, სინამდვილეში პელემ უფრო მეტი გოლი გაიტანა. მისი გოლების ნაწილი სან პაულუს შტატის ჩემპიონატზე მოდის – სანამ 1971 წელს ოფიციალურად დაარსდებოდა ბრაზილიის სერია A.
„სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ, მესის კიდევ ერთი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა. მან გაუსწრო „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს თამაშიდან გატანილი გოლების რაოდენობით – 637 635-ის წინააღმდეგ.
თუმცა, რონალდო უსწრებს გოლების საერთო რაოდენობით მესის – 770 734-ის წინააღმდეგ, რადგან პორტუგალიელს 135 პენალტი აქვს გატანილი, არგენტინელს – 97.