ესპანურ ლა ლიგაში 29-ე ტური გაგრძელდა. ლიდერმა „ბარსელონამ“ შინ „ლეგანესი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. სეზონის რესტარტის შემდეგ, კატალონიელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ.
პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე ანგარიში ანსუ ფატიმ გახსნა. 69-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ხუან მუნუერამ „ლეგანესის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გამოიყენა.
არგენტინელი გამოყენებული პენალტების რაოდენობით დაეწია ლეგენდარულ მექსიკელ ფორვარდ უგო სანჩესს – 56 ზუსტი 11-მეტრიანი. ამ დუეტის წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა 61 გამოყენებული პენალტით.
„ბარსელონამ“ 64 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს ლიდერობს. შემდეგ ტურში ის სტუმრად „სევილიას“ შეხვდება.