„ბარსელონამ“ ჟოან გამპერის თასზე 4:2 დაამარცხა „ტოტენჰემი“. „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის გამო შეხვედრა ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რასაც პირველ ტაიმში პასუხად ოლივერ სკიპის დუბლი მოჰყვა. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად საქართველოში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ტოტენჰემი“ 81-ე წუთამდე ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვა – სამივე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
ჟოან გამპერის თასი „ბარსელონას“ მიერ ორგანიზებული ამხანაგური ტურნირია, რომელიც ერთი მატჩისგან შედგება. კატალონელებმა ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგეს ეს პრიზი. ბოლო წაგება 2012 წლით თარიღდება, როცა „ბარსა“ „სამპდორიამ“ დაამარცხა.
ბარსელონა-ტოტენჰემი 4:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 1:1 სკიპი (24), 1:2 სკიპი (36), 2:2 ფერან ტორესი (81), 3:2 ფატი (90), 4:2 ეზალზული (93).
ბარსელონა: ტერ შტეგენი (პენია, 61), ბალდე (ალონსო, 61), არაუხო (სერხი რობერტო, 32), ერიკ გარსია (იამალი, 80), კუნდე, დე იონგი, რომეუ (მარინი, 80), გავი (ფატი, 61), პედრი (გიუნდოგანი, 61), რაფინია (ეზალზული, 61), ლევანდოვსკი (ფერან ტორესი, 61).
ტოტენჰემი: ვიკარიო, პორო, დაიერი, სანჩესი, რეგილონი, სკიპი (დევაინი, 72), ბისუმა (სარი, 88), ლო ჩელსო, სოლომონი, პერიშიჩი (სპენსი, 72), რიშარლისონი (სკარტლეტი, 76).