„ბარსელონამ“ დაადასტურა - მესიმ გუნდიდან წასვლის განაცხადი გააკეთა, ბარტომეუმ საგანგებო კრება მოიწვია
„ბარსელონამ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბმა ფორვარდ ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო – არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგეო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა.
33 წლის ფორვარდის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მესის შეუძლია ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი და „ბარსელონადან“ წავიდეს. კატალონურ კლუბს სურს იმით ისარგებლოს, რომ ეს პუნქტი მხოლოდ ივნისშია მოქმედი. მესის გარემოცვაში კი მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და 2019-20 წლების სეზონის ვადაში გაწელვის გამო, პუნქტი აქტიური რჩება.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ. ეს ახალ მთავარ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. მესი იმედგაცრუებულია კლუბის მმართველობის სისტემით და ბოლოდროინდელი შედეგებით.
ოფიციალურად თავისი გადაწყვეტილების შესახებ, არგენტინელმა უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს.
მესიზე პრეტენზიას აცხადებენ – „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.