ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა “ბარსელონამ” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ლა ლიგაში და 51 ქულით აგრძელებს ლიდერობას. კატალონელები უახლოეს მდევარს – „ატლეტიკოს“ 9 ქულით უსწრებენ.
„ბარსელონა“ სტუმრად თამაშობდა “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ და მატჩის დასაწყისში მდევრის როლში აღმოჩნდა. მე-11 წუთზე ვილიან ხოსემ გახსნა ანგარიში, 34-ე წუთზე კი ხუანმიმ გაამყარა მასპინძლების უპირატესობა – 2:0.
39-ე წუთზე პაულინიომ შეძლო ერთი საპასუხო გოლის გატანა, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც “სოსიედადმა” მოიგო – 2:1.
მეორე ტაიმში გოლებს მხოლოდ “ბარსელონა” იტანდა. ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და წინ გაიყვანა თავისი გუნდი, ბოლო გოლი კი ლიონელ მესიმ გაიტანა 85-ე წუთზე – 4:2 კატალონელთა სასარგებლოდ.
მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა – მან ლა ლიგაში 366-ე გოლი გაიტანა და დაამხო “ბაიერნის” ლეგენდის გერდ მიულერის რეკორდი (365 გოლი) TOP5 ჩემპიონატებიდან ერთ-ერთში გოლების რაოდენობით.
„ბარსელონას” 19 ტურში 16 მოგება და 3 ფრე აქვს. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 2017 წლის 8 აპრილის შემდეგ არ მარცხდება და ეს სერია 26 მატჩს შეადგენს.
გარდა ამისა, “ბარსა” ერთადერთი გუნდია TOP5 ჩემპიონატებიდან, რომელსაც ამ სეზონში წაგება არ აქვს. მეორე ასეთი გუნდი იყო “მანჩესტერ სიტი”, მაგრამ ის “ლივერპულთან” დამარცხდა – 3:4.