„ბარსელონამ“ 0:2-დან 5:3 მოუგო „გრანადას“ და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა - მესიმ მე-300 გადაცემა შეასრულა [ვიდეო]
„ბარსელონამ“ 0:2-დან 5:3 მოუგო „გრანადას“ და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა - მესიმ მე-300 გადაცემა შეასრულა [ვიდეო]

„ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ მატჩში კატალონიელები 0:2-ს აგებდნენ „გრანადასთან“, მაგრამ დამატებით დროში 5:3 გაიმარჯვეს.

მასპინძელმა „გრანადამ“ პირველი ტაიმი კენედის მიერ გატანილი გოლით მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტო სოლდადომ 2:0 გახადა ანგარიში, რომელიც 88-ე წუთამდე იყო შენარჩუნებული. მატჩის მიწურულს ანტუან გრიზმანმა ერთი ბურთი გაქვითა, ჟორდი ალბამ კი 92-ე წუთზე თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

ოვერტაიმში გუნდებმა ჯერ გოლები გაცვალეს (გრიზმანმა დუბლი შეასრულა), რის შემდეგაც, სტუმრებმა ფრენკი დე იონგისა და ჟორდი ალბას გოლებით მოიგეს. ალბასთვის ეს პირველი დუბლია „ბარსელონაში“, გრიზმანმა კი თავის დუბლს ორი შედეგიანი გადაცემა დაუმატა და 2021 წელს ცხრა მატჩში უკვე 13 ქულა (7+6) აქვს.

ამ შეხვედრაში „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-300 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კატალონელებმა ამ შეხვედრაში 36 დარტყმა (20 ზუსტი) შეასრულეს, რაც გუნდის საუკეთესო შედეგია 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ყველა ტურნირზე.

მანამდე ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდნენ „სევილია“, რომელმაც „ალმერია“ 1:0 დაამარცხა და „ლევანტე“ – მან დამატებით დროში ასეთივე ანგარიშით მოუგო „ვილიარეალს“.