„ბარსელონა“ თავის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ემილი რუსოს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ესპანური პრესა წერს.
რამდენიმე დღის წინ, რუსომ კატალონიურ კლუბში არსებულ კორუფციაზე ილაპარაკა. მაგალითად, მან ასეთი შემთხვევა მოიყვანა – კლუბმა კომპანიას მილიონი ევრო გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, რომლის რეალური ფასი 100 ათასი ევრო იყო.
რუსოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა „ბარსელონა“, რომელმაც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ კლუბი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, როგორც კორუფციული. ამიტომაც, „ბარსელონა“ სასამართლოში შეიტანს სარჩელს რუსოს წინააღმდეგ და ამ გზით საკუთარი ღირსების დაცვას შეეცდება.
„რუსოს სიტყვები – აბსოლუტური ტყუილია. იმისთვის, რომ ამგვარი ბრალდება წამოაყენო, მტკიცებულებებია საჭირო, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს, რადგან ჩვენი კლუბი სუფთად მუშაობს. შეცდომები შესაძლებელია, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული – სულ სხვაა. არავინ არაფერს იპარავს კლუბის სალაროდან. შეცდომები არის, მაგრამ კორუფციაზე არანაირი მტკიცებულებები არ შეიძლება არსებობდეს“, – თქვა „ბარსელონას“ წარმომადგენელმა ჟოზეპ ვივესმა.