როგორც ესპანური მედია იტყობინება, „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის გასამართი მატჩის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ თამაში კატალონიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„მარკას“ (Marca) ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მატჩის ჩატარების თარიღი ვერ დაადგინა. ფედერაციამ ამ საკითხის თაობაზე კლუბებსაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
უახლოეს დღეებში კომიტეტი ახალ სხდომას დანიშნავს, სადაც სხვადასხვა ვარიანტზე ისაუბრებენ. ლა ლიგაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე კარგი თარიღი ოთხი დეკემბერია. ცოტა ხნის წინ კი იტყობინებოდნენ, რომ შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართებოდა, მაგრამ აღნიშნულ დღეს ესპანეთის თასის მატჩები იმართება.