„ბარსელონამ“ შეიძლება უარი თქვას „პსჟ“-ს ნახევარმცველზე ადრიენ რაბიოზე.
23 წლის ფრანგის მიმართ აღნიშნული კლუბის ინტერესმა მას შემდეგ იკლო, რაც „ბარსაში“ 21 წლის ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი გადავიდა. ამ ტრანსფერის შემდეგ რაბიო კატალონიელთა პრიორიტეტი აღარ არის, თუმცა ესპანურ გრანდს საბოლოოდ მასზე უარი ჯერჯერობით არ უთქვამს.
რაბიო 2019 წლის ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი ხდება. საკუთარ შემადგენლობაში მისი ხილვის სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა. მათ შორის ყველაზე აქტიური „ბარსელონა“ იყო. კატალონიელები ფრანგს ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს შეჰპირდნენ და ამდენივეს ყოველწლიური ანაზღაურების სახით.
ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პარალელურად მას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა „პსჟ“-სთან. კლუბის ხელმძღვანელობა რაბიოს თამაშისა და ძირითად გუნდთან ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს. ამის მიზეზი სწორედ ის ფაქტია, რომ ნახევარმცველი ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებს და კონტრაქტს აღარ აგრძელებს.
ფრანგმა „პსჟ“-ს პროფკავშირშიც უჩივლა. როგორც აღმოჩნდა, იურიდიულად კლუბს მისი სარეზერვო გუნდში გადაყვანის უფლება არ ჰქონდა. იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობს და სათამაშო დრო საერთოდ აღარ აქვს, რაბიოსადმი ინტერესი შესაძლოა „ბარსელონასთან“ ერთად სხვა გუნდებმაც დაკარგონ.