„ესპნ“-ის (ESPN) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან, რათა „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის თაობაზე კიდევ ერთი, განახლებული წინადადება შესთავაზონ.
აქამდე პარიზულმა გრანდმა კატალონიელთა ორი შეთავაზება უარყო და ახლა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟუზეპ ბარტომეუს იმედი აქვს, რომ მისი მესამე ვერსია ფრანგებს მოეწონებათ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის დედაქალაქში „ბარსელონას“ დირექტორები ხავიერ ბორდასი და ანდრე კიური არიან ჩასულები, რომელთაც ნეიმარის მეგობარი ალვარო კოსტაც ახლავთ. ცოტა ხნის წინ, კატალონიელები პარიზელებისთვის უსმან დემბელეს დათმობასაც აპირებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, შეთანხმების ახალ ვერსიაში ეს პუნქტი არ ფიგურირებს.
ესპანეთის ჩემპიონები, ნაცვლად ამისა, აპირებენ ნეიმარი „კამპ ნოუზე“ იჯარით დააბრუნონ და შეთანხმებაში შეიტანონ პუნქტი მისი მომავალ ზაფხულს შეძენის თაობაზე. შეთანხმება, საბოლოო ჯამში, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ 170 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბრაზილიელი ვარსკვლავი პარიზულმა გუნდმა 222 მილიონ ევროდ სწორედ „ბარსელონასგან“ შეიძინა.