„ბარსელონა“ სერიოზულად არის განწყობილი გუნდში ლიონელ მესის შესანარჩუნებლად.
კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა არგენტინელისთვის ორწლიან კონტრაქტს ამზადებს, რომელშიც ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი იქნება, – იტყობინება ESPN.
„ბარსელონას“ არ აქვს საშუალება გადაუხადოს 33 წლის ფეხბურთელს ამჟამინდელი ხელფასი – დაახლოებით 75 მილიონი წელიწადში. ამიტომაც სურს შესთავაზოს არგენტინელს შედარებით ხანგრძლივი კონტრაქტი, რათა ამ გზით შეძლოს ხელფასის შემცირების კომპენსირება.
ამავდროულად, ლაპორტა აგრძელებს ვარსკვლავური ფეხბურთელების შესაძენი გზების ძიებას, რათა დაარწმუნოს მესი მომავალ სეზონში გუნდის კონკურენტუნარიანობაში. ასეთი ფეხბურთელები არიან, მაგალითად, ერლინგ ჰალანდი ან ნეიმარი.
მიუხედავად იმისა, რომ მესის მამა უკვე ჩასულია ბარსელონაში, მოლაპარაკებების დაწყების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის.