ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ, მილანის „ინტერს“ 112 მილიონ ევროს შესთავაზებს. ამის შესახებ „რადიო ლა რედი“ (Radio La Red) იტყობინება.
კატალონიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ 21 წლის მარტინესი შეტევის გაძლიერების უფრო პერსპექტიული ვარიანტია, ვიდრე მისი თანაგუნდელი მაურო იკარდი. „ბარსელონა“ მზად არის, გადაიხადოს ის თანხა, რომელიც მარტინესის კონტრაქტშია მითითებული. შედარებისთვის, „ინტერმა“ ერთი წლის წინ არგენტინის „რასინგს“ 22 მილიონი გადაუხადა ლაუტაროში.
მარტინესი არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ სკალონის მწვრთნელობის პერიოდში – ხუთი გოლი ცხრა მატჩში. ამ ხუთიდან ორი გოლი ფორვარდს ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე აქვს გატანილი.
2018-2019 წლების სეზონზე მარტინესმა „ინტერში“ 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.