„ბარსელონა“ ზაფხულში აპირებს „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის შეძენას. არ არის გამორიცხული, კატალონურმა გრანდმა ფეხბურთელში 111 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, – ამტკიცებს „კალჩომერკატო“.
წყაროს ცნობით, სავარაუდო გარიგების სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ კლუბებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა აქვთ. „ინტერი“ ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაწერილია 111 მილიონი. „ბარსელონა“ მზად არის ამაზე მეტი გადაიხადოს, მაგრამ უნდა ეს თანხა ნაწილ-ნაწილ გაიღოს, რათა ფინანსური ფეარ პლეის პრობლემები აიცილოს თავიდან.
არ არის გამორიცხული, გარიგებაში ჩართონ „ბარსელონას“ ფეხბურთელები. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერი“ ინტერესდებოდა ჩილელი ნახევარმცველით არტურო ვიდალით, მაგრამ „ბარსელონამ“ უარი თქვა იანვარში მის გაყიდვაზე.
შეგახსენებთ, რომ მარტინესით ასევე ინტერესდება „რეალ მადრიდი“, მაგრამ მადრიდულ კლუბს ჯერ კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.