„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად შვედ ფორვარდს განიხილავს
ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ ინტერესს გამოხატავს „რეალ სოსიედადის“ შვედი ფორვარდის ალექსანდრ ისაკის მიმართ, – ამტკიცებს გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.
წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი შვედის კანდიდატურას განიხილავს „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად. კატალონიელები არ გამორიცხავენ, რომ მარტინესის ფასი ძალიან მაღალი იყოს მათთვის.
ისაკის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 70 მილიონი ევრო, მაგრამ ფორვარდის ყოფილ კლუბს „დორტმუნდს“ გააჩნია ფეხბურთელის 30 მილიონად შეძენის პრიორიტეტული უფლება.
ისაკი „სოსიედადში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 6.5 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში 20 წლის შვედმა პრიმერაში 27 მატჩი (ცხრაჯერ მოხვდა ძირითადში) ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.