„ბარსელონა“ ივნისში მოლაპარაკებებს დაიწყებს კაპიტან ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
აღნიშნავენ, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ უკვე ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას არგენტინელთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო. ახლა კი Cope-ს ინფორმაციით, ორივე მხარე მზად არის დიალოგის გასაგრძელებლად და შეხვედრები უკვე მომდევნო კვირას დაიწყება.
აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები წინასწარი იქნება, ძირითადი ნაწილი კი მომდევნო სეზონში შედგება. კლუბს მოლაპარაკებებისას თავად ბარტომეუ წარმოადგენს აღმასრულებელ დირექტორთან ოსკარ გრაუსთან ერთად, მესისგან კი მოლაპარაკებებში ჩაერთვება მისი მამა ხორხე.
ჭორების მიხედვით, მესი მოითხოვს ახალ კონტრაქტში იმ პუნქტის შეტანას, რომლითაც შეეძლება თანამშრომლობის შეწყვეტა ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ. ამგვარი პუნქტი მის ამჟამინდელ კონტრაქტშიც იყო.