„ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ
„ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ

„ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპი დღეს ორი მატჩით დასრულდა. „ბარსელონა“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდა, რომელთანაც სტუმრად ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი“ კი ლონდონურ „ჩელსის“ შეხვდა. გუნდებს შორის პირველი მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დამთავრდა.

„ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება კატალონიელებმა მოიგეს.  თამაშში ოთხი გოლი გავიდა და ოთხივე მატჩის პირველ ტაიმში. ანგარიში მე-10 წუთზე ლენგლემ თავური დარტყმით გახსნა. 23-ე წუთზე ლიონელ მესიმ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავი გარღვევა მოაწყო, რომელიც თავადვე ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0. ამ გოლით ლეომ მორიგი რეკორდი დაამყარა – „ნაპოლი“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ 35-ე გუნდია, რომელსაც არგენტინელმა გაუტანა. მსგავსი მაჩვენებელი სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.


ლეომ მალევე კიდევ ერთხელ გაიტანა, თუმცა გოლი ვიდეო მსაჯმა არგენტინელის მხრიდან ბურთის მიღებისას ხელით თამაშის გამო გააუქმა. ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე სუარესმა მესის მოპოვებული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა და „ბარსელონას“ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე პენალტი კატალონიელების კარისკენაც დაინიშნა – დარტყმა საკუთარ თავზე ლორენცო ინსინიემ აიღო და ერთი გოლი გაქვითა. მეორე ნახევარი ნაკლებ სანახაობრივი გამოვიდა და ანგარიში აღარ შეცვლილა. „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში მეტოქეს ანგარიშით 4:2 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.


მეორე წყვილის დაპირისპირებაში ბრძოლა არც ამჯერად შედგა. „ბაიერნმა“ ლონდონელებს კვლავ სამბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 4:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე ექვს ბურთიანი უპირატესობით გავიდა (7:1). გოლები ლევანდოვსკიმ (10, 84), პერიშიჩმა (24) და ტოლისომ (76) გაიტანეს. „ჩელსიში“ თავი აბრაჰამმა გამოიჩინა (44). საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მერვედფინალურ ეტაპზე მისი გუნდის გატანილ შვიდივე გოლში მიიღო მონაწილეობა – სამი თავად გაიტანა, ხოლო ოთხჯერ კი თანაგუნდელს გაუკეთა საგოლე პასი.

მიუნხენურ კლუბს მომდევნო ეტაპზე „ბარსელონა“ დაუპირისპირდება. „ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ლაიფციგი – მადრიდის ატლეტიკო

ატალანტა – პსჟ

მანჩესტერ სიტი – ლიონი

ბარსელონა – ბაიერნი 

მატჩები 12-15 აგვისტოს გაიმართება.