ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ბარსელონა“ 300 ევროთი დააჯარიმა ფორვარდ ანტუან გრიზმანთან დაკავშირებული საქმის გამო, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა”.
გრიზმანის ყოფილმა კლუბმა „ატლეტიკომ“ სასამართლოში უჩივლა „ბარსელონას“. მადრიდულ კლუბს ეჭვი ჰქონდა, რომ „ბარსელონამ“ მის ზურგსუკან დაიწყო გრიზმანთან მოლაპარაკებები, რისი გაკეთებაც აკრძალული ჰქონდა. „ატლეტიკოს“ ვერსიით, კატალონიურმა კლუბმა კონტაქტი დაამყარა ფრანგთან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენდა. საბოლოოდ, „ბარსამ“ გრიზმანი პირველი ივლისის შემდეგ შეიძინა, როცა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონამდე დავიდა.
ვარაუდობდნენ, რომ ამის გამო „ბარსელონას“ აიძულებდნენ, ერთი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარებას, მაგრამ ფედერაცია ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა.