„ბარნლი“ გამოირიცხა, „ჯენოა“ იმედიანადაა - გიორგი მიქაუტაძეს იტალიაში იწვევენ #1TVSPORT
„ბარნლი“ გამოირიცხა, „ჯენოა“ იმედიანადაა - გიორგი მიქაუტაძეს იტალიაში იწვევენ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცმა“ ინგლისურ „ბარნლიში“ არ გაუშვა, „ჯენოას“ სატრანსფერო სამიზნეა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა footballnews24-ი ავრცელებს.

„სატრანსფერო ბაზარზე „ჯენოა“ გააქტიურდა და ახალი თავდამსხმელის დამატებას აპირებს – კლუბის ინტერესს „მეცის“ მოთამაშე, 2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძე იწვევს. ის საფრანგეთის ლიგა 2-ში ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მიქაუტაძეს „მეცთან“კონტრაქტი 2026 წელს ეწურება“, – წერს გამოცემა.

footballnews24-ი ქართველი ფეხბურთელის შედეგიანობაზე მიუთითებს და მის სატრანსფერო ფასსაც ასახელებს:

„მან სეზონი შესანიშნავად დაიწყო – 14 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 3 მილიონი ევროა. ეს ხელმისაწვდომი თანხაა და საინტერესო შენაძენი იქნება, განსაკუთრებით, მომავლის გათვალისწინებით. მიქაუტაძე გააძლიერებს „ჯენოას“ შეტევას და მისი თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშე გახდეს“.

ინგლისური მედიის ცნობით, მიქაუტაძის გადაბირებას „ბარნლიც“ ცდილობდა, ის გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ვინსენ კომპანისთვის პრიორიტეტული ფიგურა იყო, მაგრამ „მეციდან“ ქართველი ბომბარდირის ტრანსფერის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.