გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, შესაძლოა, იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ყველაზე სკანდალური ფიგურა გახდეს – ესპანური მედიის მტკიცებით, „ვალენსია“ თურქული „ადანა დემისპორიდან“ მარიო ბალოტელის დამატებას აპირებს.
გამოცემა „ელდესმარკის“ ცნობით, „ვალენსიას“ სატრანსფერო ბაზარი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.
„დღემდე, ერთადერთი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, უგო დუროს იჯარით დატოვება იყო. „ვალენსიას“ რამდენიმე ფეხბურთელის გვარს უკავშირებენ. ერთ-ერთი მათგანია მარიო ბალოტელი – იტალიელი თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს თურქეთის ლიგაში თამაშობდა“, – წერს გამოცემა.
პალერმოელი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდების ხშირი ცვლის გამო გამოცემა „მოგზაურად“ მოიხსენიებს, 31 წლისაა. მან ბოლო სეზონზე 33 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ეს მოულოდნელი სტატისტიკაა იმ მოთამაშისთვის, რომელიც ორი წლის წინ „ბრეშადან“ უდისციპლინობის გამო დაითხოვეს. თუმცა, თურქეთში მისი გამოსვლა კარს უხსნის „სუპერმარიოს“ ახალ ვერსიას. „ვალენსიას“ მხრიდან მის მიმართ შესაძლო ინტერესის შემდეგ, მან გამოაქვეყნა პოსტი, საიდანაც გავრცელდა ჭორი ესპანურ კლუბში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ“, – ამტკიცებს „ელდესმარკი“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე მარიო ბალოტელის ქართველი თანადგუნდელი „ადანა დემისპორშიც“ ჰყავდა – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი, რომელსაც იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა და ახლა „თელავის“ ფეხბურთელია.