გერმანიაში 2020-21 წლების სეზონის პირველი პრიზი გათამაშდა – ქვეყნის სუპერთასისთვის „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“ ითამაშეს.
„დორტმუნდის“ შემადგენლობა არ იყო ოპტიმალური – ვერ თამაშოდნენ ბიურკი და სანჩო, „ბაიერნში“ კი მორიგი როტაცია მოხდა და ამჯერად, დასვენების საშუალება მიიღო სერჟ გნაბრიმ. ასევე სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ალაბა და ბოატენგი.
მატჩის მსაჯი იყო ქალი, თუმცა, გერმანიაში ეს სენსაციად არ აღიქმება – ბიბიანა შტაინჰაუსი დიდი ხანია სერიოზულ მატჩებს სჯის, მათ შორის, ბუნდესლიგაში. საინტერესოა, რომ 41 წლის შტაინჰაუსი პირველად მუშაობდა სუპერთასის ფინალში და თან ეს იყო მისი ბოლო მატჩი. მსაჯი ამ თამაშის შემდეგ ასრულებდა კარიერას.
31-ე წუთისთვის მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო – „ბაიერნმა“ ორი გოლი გაიტანა: ჯერ ტოლისომ დაასრულა კონტრშეტევა, შემდეგ კი დევისმა და მიულერმა გაითამაშეს საგოლე კომბინაცია, რომელიც თომასის თავურით დასრულდა.
მაგრამ „დორტმუნდმა“ შეძლო პასუხის გაცემა. ორივეჯერ „ბაიერნმა“ საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი შეტევის დაწყების მომენტში და ბრანდტმა და ჰალანდმა 55-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს.
ბოლო 15 წუთი გუნდები ფრთხილობდნენ, მაგრამ „ბაიერნმა“ მაინც შეძლო გოლის ორგანიზება – კიმიხმა ყველაფერი თითქმის თავად გააკეთა – ბურთი აართვა დილეინს, წინ წავიდა, კედელი გაითამაშა ლევანდოვსკისთან და მეორე ცდიდან გაიტანა. 3:2 – „ბაიერნმა“ მოიგო ძალიან დაძაბულ ფინალში. ეს მისი მერვე სუპერთასია ისტორიაში.