მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი ტიტული მოიპოვა. ბუდაპეშტში უეფა-ს სუპერთასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა დამატებით დროში 2:1 მოუგო ევროპის ლიგის გამარჯვებულ „სევილიას“.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. ლუკას ოკამპოსის ზუსტ პენალტს ლეონ გორეტცკამ უპასუხა. მეორე ნახევარში „ბაიერნმა“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ორივე გააუქმა – ლევანდოვსკის შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა, სანეს გოლისას კი ტეილორმა შეტევაში ჯარიმა დაუსტვინა.
87-ე წუთზე „სევილიამ“ მატჩის მოგების რეალური შანსი მიიღო, როცა ენ-ნესირი მარტო გავიდა მეკარესთან, მაგრამ გერმანიის ჩემპიონი მანუელ ნოიერმა გადაარჩინა.
დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი 112-ე წუთზე გავიდა. 99-ე წუთზე ხავი მარტინესი შეცვლაზე შევიდა მოედანზე და სწორედ მან მოაგებინა „ბაიერნს“.
ეს გოლი ესპანელისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან „ბაიერნში“ გატარებული რვა წლის შემდეგ, მარტინესი ტოვებს მიუნხენს და სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს იყო მისი ბოლო მატჩი გერმანიის ჩემპიონის მაისურით.
„ბაიერნმა“ თავის ისტორიაში მეორედ მოიგო სუპერთასი. პირველად ეს 2013 წელს მოხდა. გარდა ამისა, მიუნხენელებს სამი ფინალი აქვს წაგებული: 1975, 1976 და 2001 წლებში.
ერთ კალენდარულ წელს მეოთხე პრიზის მოგებით, „ბაიერნი“ მიუახლოვდა „ბარსელონას“ რეკორდის გამეორებას, როცა კატალონელებმა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ექვსი ტიტული მოიგეს. ამისთვის მიუნხენელებს ესაჭიროებათ გერმანიის სუპერთასის მოგება და გამარჯვება კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
„ბაიერნი“ პირველი გუნდია ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან, რომელმაც ზედიზედ 23 ოფიციალური მატჩი მოიგო. გუნდის ბოლო მარცხი 2019 წლის 7 დეკემბრისთვის თარიღდება, როცა ბუნდესლიგაში 1:2 დამარცხდა „გლადბახთან“.