„ბაიერნის“ ყველა დროის ბომბარდირი გერდ მიულერი მძიმე მდგომარეობაშია
გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ლეგენდარული ფორვარდი გერდ მიულერი დემენციით (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების – მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები) არის ავად. მისი ცოლის სიტყვებით, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც 3 ნოემბერს 75 წელი შეუსრულდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და პრაქტიკულად საწოლიდან არ დგება.
„ის თითქმის არ ჭამს და წამოდგომა არ შეუძლია. გერდი დღე-ღამეში თითქმის 24 საათი ლოგინში წევს. ის მთელი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში მამაცი მებრძოლი იყო და დღესაც ასეა“, – განაცხადა მიულერის ცოლმა.
მიულერმა მაშინდელ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა. „ბაიერნში“ ის 1964-79 წლებში თამაშობდა და 453 მატჩში 398 გოლი გაიტანა.