„ბაიერნის“ მენეჯერი პარკაძეზე - ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მენეჯერმა იოხენ ზაუერმა კომენტარი გააკეთა ლუკა პარკაძის ტრანსფერზე, რომელმაც გერმანულ გრანდთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.
„ლუკას უკვე დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას აკვირდებოდნენ. მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა მიუნხენში, „ბაიერნში“ ჩატარებულ ტესტებზე. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ მომავალ სეზონში ჩვენთან ითამაშებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ „დინამო თბილისს“ და ფეხბურთელის მენეჯერს, გუგა კაჭახიძეს ნდობისთვის“, – ამბობს კამპუსის მენეჯერი იოხენ ზაუერი.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ასაკობრივი და „დინამო თბილისი 1“-ის ფეხბურთელ ლუკა პარკაძესთან – ინფორმაციის მიხედვით, გერმანულმა გრანდმა ქართველი იუნიორის სატრანსფერო უფლება 2023/24 წლების სეზონიდან მოიპოვა. ლუკა პარკაძე მიუნხენში მომდევნო ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ გადავა.
პარკაძე შემდეგ წელს გერმანიაში იმიტომ არ გადავა, რომ არასრულწლოვანია, მომავალ წელს კი 18 წლის გახდება და თამაშის უფლებას მიიღებს. მანამდე შემტევი ნახევარმცველი თამაშს ქართულ კლუბში გააგრძელებს. ამჟამად ის „დინამო 2“-ის წევრია. თუმცა, ახლახანს მთავარ „დინამოში“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
კონტრაქტი გუგა კაჭახიძის მონაწილებით შედგა, რომელმაც მცირე ხნის წინ ლუკა ლოჩოშვილი სერია „ა“-ს „კრემონეზეში“ გადაიყვანა. პარკაძემ „ბაიერნში“ პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურა მიიღო.