„ბაიერნი“ ზიდანს დაუკავშირდა - ფრანგი სპეციალისტი ტუხელის შეცვლის მთავარი ფავორიტია #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებულია მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის მიწვევით.
გაზეთი Corriere dello Sport ამტკიცებს, რომ თომას ტუხელი ნამდვილად დატოვებს გერმანულ კლუბს, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს – დატოვებენ თუ არა მას სეზონის ბოლომდე თუ უახლოეს პერიოდში გაანთავისუფლებენ.
ირკვევა, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის წინ დაუკავშირდა ზიდანს.
მადრიდის „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს უპირველეს კანდიდატად განიხილავენ „ბაიერნში“ დანიშვნაზე, მაგრამ გაუგებარია, არსებობს თუ არა შანსები, რომ ის სეზონის მსვლელობისას მივიდეს მიუნხენურ კლუბში.
ამასობაში, კვირას „ბოხუმთან“ წაგებისა და ბუნდესლიგის ცხრილში „ლევერკუზენთან“ რვა ქულით ჩამორჩენის შემდეგ, „ბაიერნმა“ გადაწყვიტა განიხილოს ტუხელის მომავალი. ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 50 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ამტკიცებს, რომ „ბაიერნში“ უნდოდათ ტუხელისთვის სამი მატჩის მიცემა და შემდეგ იმის გადაწყვეტა, როგორ მოქცეულიყვნენ მწვრთნელთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა, „ბოხუმთან“ წაგების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.