„ბაიერნი“ მზად არის, ჩაბი ალონსო ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქციოს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის, სერიოზული ფინანსური რესურსი გაიღოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს „ლივერპულს“ მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს დანიშვნაში.
ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლევერკუზენი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად უახლოვდება ბუნდესლიგის ტიტულს, „ბაიერნი“ და „ლივერპული“ კი სეზონის შემდეგ მწვრთნელების გარეშე რჩებიან – უკვე გამოცხადებულია, რომ თომას ტუხელი და იურგენ კლოპი დატოვებენ პოსტებს.
„ბაიერნი“ მზად არის, ზღაპრული ხელფასი დაუნიშნოს ჩაბი ალონსოს – 23.4 მილიონი ევრო წელიწადში, – იტყობინება გაზეთი The Mirror-ი. ამით ალონსო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება ბუნდესლიგის ისტორიაში და გამოიმუშავებს იმდენს, რამდენსაც „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც დღეს პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.