„ყველაფერი ლოკომოტივის ახალგაზრდა ტალანტის შესახებ“ – ასე დაასათაურა რუსულმა გამოცემა სპორტ-ეკსპრესმა ინტერვიუ, რომელიც ჩამოართვა რუსთავის მთავარ მწვრთნელ ბადრი კვარაცხელიას. ქართველმა სპეციალისტმა თავისი შვილის, მოსკოვის ლოკომოტივში ზამთარში გადასული 18 წლის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
ბადრი კვარაცხელიას თქმით, ხვიჩას სხვა გუნდში გადასვლა შეეძლო:
„მოსკოვის ლოკომოტივი არ იყო ერთადერთი ვარიანტი. დაინტერესებული იყვნენ ბაიერი, დორტმუნდი და სხვები, მაგრამ ჩემი მეგობარი, ქართველი აგენტი მამუკა ჯუღელი გველაპარაკა და დაგვარწმუნა, რომ სწორედ ლოკომოტივში გადასვლა გვიღირდა. მე მისი მჯერა, რადგან ვმეგობრობთ. თავად ხვიჩა ამბობდა, ლოკო ჩემპიონია, ეს არის ძალიან ძლიერი კლუბი და კარგია, რომ მასთან ერთად შეკრებაზე წავალო“.
ბადრი კვარაცხელიამ რუსულ გამოცემასთან თბილისის დინამოსთან რთულ ურთიერთობაზეც ილაპარაკა:
„ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი დინამოში თამაშზე ოცნებობს. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდი. მაგრამ ხვიჩას იქ დიდხანს არ უთამაშია და ეს ცალკე ამბავია. როდესაც ის 15 წლის იყო, გუნთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ერთი სეზონის შემდეგ, კლუბმა ხელშეკრულების კიდევ სამი წლით გაგრძელება შესთავაზა. ჩვენ ეს არ გვინდოდა. იმ დროს ხვიჩა ძირითად გუნდში თამაშობდა. მაგრამ უარის შემდეგ, ხვიჩას მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევდნენ. ის სახლში ნახევარი წელიწადი უსაქმოდ იჯდა. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი რუსთავში გადავიდა. 16 წლის ასაკში ძირითადში თამაშობდა, გოლები გაჰქონდა, საგოლე გადაცემებს აკეთებდა და დინამოს ეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, ის ლაპარაკი, რომ ხვიჩამ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, არ შეიძლება. პირიქით, ეს ჩვენ არ გვინდოდა დინამოში დარჩენა“.