ბადრი ჯაფარიძე - მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე
ბადრი ჯაფარიძე - მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე

„ლელოს“ წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„ამას კრიტიკა აღარ ჰქვია. როდესაც პირდაპირ ამბობენ, კიდევ ერთხელ გატეხა მმართველმა პარტიამ სიტყვა, პირობა. უკვე მესამედ ორი თვის განმავლობაში მმართველი პარტია ირცხვენს თავს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სრულად დაკარგა ყოველგვარი რეპუტაცია „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტნიორმა, როგორც მხარემ, რომელთანაც შესაძლებელია, შეთანხმებას მიაღწიო და მერე მან პატივი სცეს ამ შეთანხმებას.

ევროკავშირმა მიიღო ერთი გადაწყეტილება და 300 მილიონი ლარი ჩვენ დავკარგეთ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა ვალდებულება. ჩვენი ქვეყანა არის იმ საფრთხის წინაშე, რომ სხვა დახმარებებსაც ვერ მივიღებთ, თუ ეს ძალა დარჩა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა, კარლ ჰარცელმა.  „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.