ბაჩო ხურციძე რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციაში იმუშავებს #1TVSPORT
ბაჩო ხურციძე რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციაში იმუშავებს #1TVSPORT

ბაჩო ხურციძე რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციის – მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მაღალ პოზიციაზე ქართველი იმუშავებს და ევროპაში – საქართველოს, ჰოლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთსა და ბელგიას მაღალი მიღწევების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, რათა მათი განვითარება მსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008-2022 წლების პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების, მაღალი მიღწევების, ოპერაციებისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებზე მუშაობდა. ის 2011 წელს საქართველოში – მსოფლიო ალაფის, ხოლო 2017 წელს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირების დირექტორი იყო. ორივე ეს შეჯიბრება საუკეთესოდ აღიარეს ანალოგიურ ტურნირებს შორის. მისი ინიციატივით, 2021 წელს პირველი ქართული სარაგბო პროფესიონალური ფრენჩაიზი – „შავი ლომი“ შეიქმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში.

„ჩემთვის დიდი პატივია ასეთ პოზიციაზე მუშაობა. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო როგორც მთლიანად ევროპული რაგბის განვითარებაში, ასევე საქართველოსაც მოვახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ამჯერად ბევრად უფრო მაღალი პოზიციიდან. ვფიქრობ, ჩემი დანიშვნა ამ პოზიციაზე არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად ქართული რაგბის დაფასებაა“, – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

rugby.ge