აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოში 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს
აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოში 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს

აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოში 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, 2020 წლისთვის კი უმნიშვნელოდ შემცირებულს – 4.9 პროცენტია ნიშნულზე. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია საუბარი სახელწოდებით – „აზიის განვითარების მიმოხილვა 2019“.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურული აღმშენებლობაში საქართველოს მუშახელის ცოდნისა და უნარების განვითარება დაეხმარება, რაც განაპირობებს მაღალშემოსავლიან სექტორებში ინვესტიციების მოზიდვასა და ზრდის ტემპების დაჩქარებას.

„ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნითა და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მზარდი მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა“, – განაცხადა ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, რაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

„ასევე მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეკონომიკისა და საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირება, რაც შედეგად მოჰყვება მუშახელის გადამზადებასა და მათი თანამედროვე უნარებით აღჭურვას“, – აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, 2019 და 2020 წლებში ზრდას ხელს შეუწყობს ექსპორტი, მოხმარება და ინვესტიციები, რაც განპირობებული იქნება მაღალი ინფრასტრუქტურული ხარჯებით. 2019 წელს ზრდა დაფიქსირდება ფინანსურ სექტორში, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის მიმართულებით. შედარებით მაღალმა ინვესტიციებმა, ხელსაყრელ ამინდთან ერთად უნდა დააჩქაროს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი 2.6%-მდე და შემდეგ 2.8%-მდე.

ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ინფლაცია დაახლოებით 3.2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 3.0%-მდე შენელდება. საკრედიტო სტანდარტების შემდგომმა გამკაცრებამ, კრედიტების ზრდა 2019 წელს 13.0%-მდე, ხოლო 2020 წელს 12.5%-მდე უნდა შეამციროს. ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს 2020 წლის ბოლოსთვის, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის დონე 3.0%-ზე დაბლა დარჩება, – აღნიშნავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში.

აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, პროგნოზირებადი ვარდნის რისკი შესაძლოა გამოწვეული იყოს გარე შოკებითა და სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციით, მკაცრი დაკრედიტებით, გლობალური საპროცენტო განაკვეთების ზრდით, ფინანსირების ბაზარზე არსებული სირთულეებით ან კაპიტალური ხარჯების შემცირებით.

„თუმცა, ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე მაღალი იყოს, იმ შემთხვევაში თუ ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისთვის როგორიცაა აზერბაიჯანი და რუსეთი, პროგნოზი გაუმჯობესდება“, – აცხადებენ საფინანსო ინსტიტუტში.