აზიის ჩემპიონთა ლიგა | ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა „პერსეპოლისის” შემადგენლობაში, რომელიც დუშანბეში ტაჯიკურ „ისტიქლოლს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ირანულმა გუნდმა ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულა დააგროვა და პირველადგილოსანს, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ ხუთი ქულით ჩამორჩება. ორი ტურით ადრე გველესიანის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსები შეუმცირდა, რადგან პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ვაკო ყაზაიშვილმა 90 წუთი ითამაშა „ულსანის“ რიგებში, რომელიც მალაიზიურ „ჯოჰორთან“ 1:2 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდა.
სამხრეთკორეელებმა ერთადერთი გოლი სწორედ ყაზაიშვილის დამსახურებით გაიტანეს. ქართველი ნახევარმცველი კარისკენ მარცხენა ფლანგიდან დაიძრა და შესანიშნავი გადაცემით კარის წინ ატარუ ესაკა დატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონმა მეორე გოლი 87-ე წუთზე გაუშვა და ექვსი ქულით „ჯოჰორთან“ მეორე ადგილს იყოფს. ვაკოს გუნდი ჯგუფის ლიდერს, იაპონურ „კავასაკის“ (12) ექვსი ქულით ჩამორჩება და ფლეი ოფში გასვლის მიზერული შანსი დარჩა.