აზიის ჩემპიონთა ლიგა | იაპონიაში მხოლოდ მიქელთაძის გუნდმა მოიგო - არაბიძე „ულსანში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდი იაპონურ კლუბებს ესტუმრა და მხოლოდ ერთმა გაიმარჯვა.
ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა „შანდონგ ტაიშანში“, რომელიც გასვლაზე „კობეს“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ჩინური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ყვითელი ბარათი მიიღო.
ამავე ჯგუფში გიორგი არაბიძის სამხრეთკორეული „ულსანი“ იაპონიაში „იოკოჰომას“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 4:0 დამარცხდა. გიორგი არაბიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 61 წუთი ითამაშა და „ულსანში“ საუკეთესო შეფასება მიიღო – 6,6 ქულა.
მხოლოდ ბექა მიქელთაძის გუნდმა გაიმარჯვა. „გვანჯუ“ „კავასაკის“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი მცირე ტრავმის გამო სამხრეთკორეელებს ვერ დაეხმარა.
2 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან საუკეთესო შედეგი 6 ქულა „გვანჯუს“ აქვს და 12-გუნდიან ჯგუფში (აზიით ჩემპიონთა ლიგის ფორმატიც შეიცვალა და ჯგუფში 12 გუნდია) ლიდერობს. „შანდონგ ტაიშანი“ (3) მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო „ულსანი“ უქულოდ ჯერჯერობით ბოლო, მე-12 ადგილზეა.