აზერბაიჯანული გამოცემა - „ნეფთჩის“ წარმომადგენელი ქეცბაიასთან მოსალაპარაკებლად ევროპაში გაემგზავრა #1TVSPORT
აზერბაიჯანულ მედიაში თემურ ქეცბაიასა და ბაქოს ნეფთჩის“ შორის წარმოებულ მოლაპარაკებაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა „სპორტინფოს“ წერილში საუბარია თემურ ქეცბაიას აზერბაიჯანის კლუბის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
„ბაქოს „ნეფთჩის” წარმომადგენელი ევროპაში ქართველ მწვრთნელთან შესახვედრად და მასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. ქეცბაიას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მისი არჩევანში შეზღუდული არაა. მან „ნეფტჩისგან“ კონტრაქტის საფასურად წელიწადში 350 000 ევრო მოითხოვა“, – წერს გამოცემა.
„ანორთოსისის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ქრისტოფორუმ ქეცბაიას შესაძლო წასვლაზე კომენტარი ტელეკომპანია Cablenet-თამ გააკეთა:
„ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინფორმაციას ისევე ვეცნობით, როგორც თქვენ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით“.
ამასობაში, „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა თემურ ქეცბაიას უპასუხეს და გამოჩნდა, რომ მათ შორის დაპირისპირებაა. ისინი განცხადებით გამოეხმაურნენ ქეცბაიას კომენტარს, რომელიც ქართველმა მწვრთნელმა „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებზე გააკეთა – „13 წელი რცხვენოდათ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ „ანორთოსისთან“ იყვნენ“.
„ერთადერთი, რასაც გეტყვით მწვრთნელებს, ტექნიკური შტაბის წევრებს, ფეხბურთელებს, არის ის, რომ ჩვენ „ანორთოსისის“ გულშემატკივრობის არასდროს გვრცხვენოდა. მიზეზი მარტივი და გასაგებია. „ანორთოსისი“ მხოლოდ ფეხბურთი არ არის. შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე შეურაცხყოფს გუნდის გულშემატკივრებს, მეორე დღიდან აღარ იქნება ამ დიდებულ კლუბში, თუნდაც ჩემპიონთა ლიგა მოიგოთ“, – წერია ფანების განცხადებაში.