აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო დებიუტანტია, მაგრამ ძლიერი გუნდია #1TVSPORT
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის სტარტის წინა დღეს, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალესიომ და ნაკრების მეკარემ, ემინ ქურდოვმა პრესკონფერენცია გამართეს, საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს და არ დამალეს, რომ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნათ.
„დღეს გალოს (მცველი) და როვშან ჰუსეინლის (მეკარე) ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. იმედია, მეორე ტესტი უარყოფითი იქნება. მთავარი მოთამაშეების დაკარგვა არ შეიძლება. არასდროს მითქვამს, რომ გუნდი 100%-ით მზადაა. პირველივე დღიდან გუნდი უკეთესად გამოიყურება. საღამოს ვნახავთ მეტოქის თამაშს, გავაანალიზებთ. ჩვენი მეტოქე დებიუტანტი გახლავთ, მაგრამ ძლიერი გუნდია. მათ ამხანაგურ მატჩებში მოიგეს, რის გამოც შესანიშნავი ატმოსფერო აქვთ. მეტოქის არ გვეშინია, პატივს ვცემთ. იმედი მაქვს, ხვალ სრული შემადგენლობით ვითამაშებთ და საინტერესო მატჩს გვექნება“, – განაცხადა ალესიომ.
ემინ ქურდოვი: „პანდემიის გამო, პრობლემები აქვს ევრო 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტსაც და ჩვენც. ბელგიასთან მატჩში ორმა მოთამაშემ დადებითი ტესტის გამო არ ითამაშა, დღეს კი ვარჯიშზე ორი სხვა არ იყო. ამბობენ, რომელ გუნდსაც ექნება ძლიერი იმუნიტეტი, ჩემპიონატსაც ის მოიგებსო. იმედია, ხვალ უფრო ძლიერები ჩვენ ვიქნებით. სუსტი გუნდი ევროზე ვერ გავიდოდა. საქართველოში ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ მათი ვინაობის დასახელება არ მინდა“.
ევრო 2022-ის D ჯგუფში პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან 22 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ისევე როგორც ევრო 2022-ის გადამწყვეტი ეტაპის მატჩებს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.